პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებებზე კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას ეხება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების გარდა, ცვლილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულია GRECO-ს რეკომენდაციებიც. დეპუტატმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა რეგლამენტის საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი და შესაბამისი უწყებები იყვნენ ჩართული. ბოლო ორ თვეში სამუშაო ჯგუფმა, კონკრეტული, დეტალური განხილვის საფუძველზე შეიმუშავა ცვლილებების ის პაკეტი, რომელიც ჩვენს კანონმდებლობას ფუნდამენტურად ახალ ფორმატში წარმოგვიდგენს. ეს არის უმაღლესი სტანდარტი, რაც დღეს დამკვიდრებული არის რიგ მოწინავე სახელმწიფოებში, რომელზეც 2024 წლიდან ჩვენ ვაპირებთ გადასვლას, თუმცა რიგი საკითხები ძალაში მანამდეც შედის. კანონპროექტი, მმართველი გუნდის მიერ დათქმულ ვადაზე ადრე დაინიცირდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმა ორმაგდება და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა იზრდება. წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.
პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა. ცვლილებების პროექტით, ფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი. გივი მიქანაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აღნიშნული ელექტრონული აპარატურით იგეგმება, რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს, თუმცა ეს რიცხვი დეპუტატის ინფორმაციით, შესაძლოა, მეტიც იყოს. „წარმოდგენილი პროექტები ასახავს იმ საჭიროებებს და რეალობებს, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სტანდარტების ამაღლების, ადამიანის უფლებების და საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.