პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

30/11/2023

კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა. პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან. ცვლილებით განისაზღვრა, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობა არ მოეთხოვებათ. ასევე განისაზღვრა, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი; პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს. მიღებული ცვლილების თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება, მათ შორის, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0