პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მესამე მოსმენით განსახილველად წარმოდგენილი რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა დეპუტატებს მესამე მოსმენით წარუდგინა პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა. განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა 2024 წლის განმავლობაში უწევთ, მიეცემათ უფლება საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით. მინისტრის მოადგილემ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. პროექტის თანახმად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, თუ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. კანონპროექტით ასევე დაკორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მესამე მოსმენით წარმოდგენილი კიდევ ერთი პროექტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ითვალისწინებს, რომ სკოლის დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს დირექტორის მოვალეობის შესრულება მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. პროექტით კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. პარლამენტმა სხდომის ბოლოს კენჭი უყარა და 80 ხმით დაუჭირა მხარი განხილულ ცვლილებებს.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა
15/05/2024