პარლამენტმა 80 ხმით, პირველი მოსმენით „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ ცვლილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. კერძოდ, კანონს ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები და ადგენს, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას გამართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა, კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება იწვევს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და საფუძვლების ცვლილებას, რადგან პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლში არის გათვალისწინებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურები.
პარლამენტმა პირველი მოსმენით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მიიღო
15/11/2023