პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

05/09/2023

პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის განცხადებით, 2022 წელს სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენდა და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველად სამსახურმა „საინფორმაციო კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ (“International Conference of Information Commissioners”) დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა. როგორც ლელა ჯანაშვილმა აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მთავარი ფუნქციაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

„აქედან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და განცხადებების განხილვა, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება/ინსპექტირება და საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მიიღო 447 განცხადება/შეტყობინება, რომელთა საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, სამსახურმა ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 149 შემოწმება. ლელა ჯანაშვილის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებში განსახორციელებელი გეგმიური შემოწმებები ორიენტირებული იყო არასრულწლოვნების, ქალთა და მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლაზე. როგორც სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი დადგინდა.

„საანგარიშო პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგად 123 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 86 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 37 პირს – გაფრთხილება“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მისი თქმით, სამსახურმა აღნიშნულ პერიოდში გასცა 222 დავალება და რეკომენდაცია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლისა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით 3292 კონსულტაცია.

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება“, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0