დეპუტატებმა ოზონის შრის დაცვის შესახებ კონვენციის კიგალის ოქმთან მიერთების საკითხზე იმსჯელეს. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. კიგალის ცვლილების მთავარი მიზანია მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ჰიდროფტორნახშირბადების მოხმარების და გაფრქვევის ეტაპობრივი შემცირება დაბალი ან ნულოვანი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ალტერნატივების წახალისების გზით. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ინიცირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მისი რატიფიცირება ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ჩვენი ეროვნული სისტემა და კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვოს ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
„კიგალის ოქმი არეგულირებს მთელ რიგ ნივთიერებათა ახალ ჩამონათვალს, რომელიც გაგრილებისა და სამაცივრე სისტემების ტექნიკის წარმოებაში გამოიყენება. დოკუმენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით აღნიშნული ნივთიერებების ეტაპობრივად ამოღება ხელს შეუწყობს მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირებას. საქართველოს მხრიდან ამ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიერთება და ეროვნული საკანონმდებლო მოთხოვნების მასთან დაახლოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოს დაცვის სფეროში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.