პარლამენტმა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვას მხარი დაუჭირა

26/06/2019

საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვას მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის #013/4 მომართვაზე იმსჯელეს. დოკუმენტი განსახილველად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა წარადგინა.

„დეპუტატს ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“, – განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, დეპუტატს ბრალი ედება სამართალდამცავებზე მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ თავდასხმაში დაყოლიება.
მომხსენებლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მშვიდობიანი ხასიათის მიტინგის მიმდინარეობისას, მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა. როგორც ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ, სადაც განაცხადა, რომ თუ ერთ საათში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ყველას ერთად პარლამენტის შენობაში უნდა გადაენაცვლათ.

„ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა. იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა ასევე, სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ასევე, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

მომხსენებლის განმარტებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. მისივე განმარტებით, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას, ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას არამედ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.

ამირან გულუაშვილის თქმით, განსახილველ საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სწორედ, ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მისივე განცხადებით, საკითხების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით შესაძლებელი არის მხოლოდ პატიმრობის გამოყენება.

„მიგვაჩნია, რომ ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ არის – პატიმრობა, ვინაიდან სხვა შედარებით ნაკლები აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას“, – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას განცხადებით, ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსა“ წარმომადგენლები პლენარულ სხდომას მისი კატეგორიული თხოვნის გამო არ ესწრებიან.

„დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ, მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. დღეს განაჩენს თქვენ მე ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას“, – განაცხადა ნიკანორ მელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის საპასუხოდ.

„თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამისი პიარული დაგეგმვის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით. და მეორე – თქვენთან ერთად მოსულიყვნენ თქვენი კოლეგები და თქვენი სიმართლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ენახებინათ თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს. დღეს ისინი ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდათ რომ სათანადოდ დაეცავით. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, რომლებმაც მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძვლიანობა, თუ რამდენად კანონმდებლობის დაცვით იყო წარმოდგენილი აღნიშნული წინადადება, არსებობდა თუ არა დადგენილება, პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ და იყო თუ არა დაცული ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ აღნიშნულ საკითხს. ამაზე მეტყველებს ის დეტალური შეკითხვები, რომელიც მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან, რათა მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი გარემოებები, მივცეთ ნებართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე პარლამენტის წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმალური პროვოცირებისა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, მომხდარიყო ხელჩართული ბრძოლა და მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საკითხის განხილვა დიდი პასუხისმგებლობით და კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

„საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა გვაძლევს. ჩვენ არ გვაქვს იმის ლეგიტიმაცია, მოვახდინოთ მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია, თუმცა, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, კანონის სრული დაცვით, შევამოწმოთ ის საფუძვლები – ჰქონდა თუ არა, გენერალურ პროკურორს მომართვის უფლებამოსილება. ვაცნობიერებთ რა, ჩვენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ რა, რომ ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის არ აქვს უფლება, განახორციელოს კანონდარღვევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრებს, ავალდებულებს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და რეგლამენტი რომ საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული იქნას გადაწყვეტილება.

„ჩვენ მივიღეთ პასუხად, რომ არსებობს არა მხოლოდ კადრები კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ასევე, ჩვენებები და გარდა იმ კადრებისა, რომელიც ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ ვიხილეთ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით და წარმოდგენილი მოხსენებით, არსებობს ასევე, სხვა ჩვენებები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასევე იმსჯელეს, თუ რამდენად საჭირო იყო პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების სახით.

„ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა, ამასთანავე, ჩვენი ვალდებულებაა, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. გენერალური პროკურორის წინადადება არის საფუძვლიანი და ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმას, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა მძიმეა, იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ქვეყანაში აზიანებს პარლამენტარიზმის განვითარებას და იმ სტანდარტებს, რომლებიც პარლამენტარის დამოუკიდებლობას უნდა ეხებოდეს.

„პარლამენტარი, პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრი, ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი. პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი, მითუმეტეს ისეთი სერიოზული დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, რაც არის სახელმწიფო გადატრიალება თუ ძალადობრივი შეჭრა პარლამენტში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სხდომაზე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელი, ემზარ კვიციანი ინიციატივით გამოვიდა, რომ პარლამენტის წევრები ნიკანორ მელიას თავდებში დაუდგნენ. მისი თქმით, ნიკანორ მელიაზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ის გირაოთია გამოშვებული და ამის მიუხედავად, არსად გაქცეულა.

„თუ არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას? არის იმის შესაძლებლობა, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას? ან შინა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას გადაწყვეტილების მიღება უჭირს რადგან „ევროპული საქართველო“, რომელიც 20-21 ივნისის დღეებში ყველაფერს ნიკა მელიას მეშვეობით აკეთებდა, სხდომას არ ესწრება.

„მე გადაწყვეტილებას მირთულებს ის, რომ ჩემთვის საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ასევე, მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ის, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ის ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ იმუნიტეტი პარლამენტის ყველა წევრს შეუჩერდება. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარკვეული თანამიმდევრულობა და ეს თანამიმდევრულობა ირღვევა, როცა ამ საკითხის განხილვა ხდება საქართველოს პარლამენტში.

„თუ იქნებოდა ინიციატივა, რომელიც გააუქმებდა საქართველოს პარლამენტის იმუნიტეტს და ყველას ჩაგვაყენებდა ერთნაირ მდგომარეობაში, ამ გადაწყვეტილებას მე ხმას მივცემდი. ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმინაციული. მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს იმუნიტეტს და ნებისმიერ თქვენთაგანს, მაშინ თანახმა ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირო. მაგრამ გადაწყვეტილება ჩამოერთვას, ან თუნდაც შეეზღუდოს ნიკა მელიას იმუნიტეტი და ჩვენ დაგვრჩეს, მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაშიც დისკრიმინაციულია. გადაწყვეტილების მიღების დროს, მგონია, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ მაღალ სტანდარტზე. თუ გადაწყვეტილება ამ დადგენილების თაობაზე იქნება მხარდაჭერილი, ჩემი აზრით, ეს არ იქნება იმ სტანდარტის, რომელიც უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რის შემდგომაც სხდომათა დარბაზი დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 20 ივნისს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუციის – უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძალისმიერი დაკავების მცდელობას.

„ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოეტანა. ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა და გარე მტრების გეგმის განხორციელების მცდელობას. ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე. სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა, ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, პასუხისმგებლობა უნდა იქნას აღებული იმაზე, რაც მოხდა.

„ძალიან ხშირად, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა იძლევა ვალდებულებას, რომ საკუთარი ემოციებიდან გამოვიდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში. დიახ, მძიმეა ჩემთვის, დღეს ხელი დავაჭირო მწვანე ღილაკს და ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ საკითხი. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას ეკუთვნის ამ საქმეში ბრალი. სწორედაც, რომ სიღრმეში უნდა ჩავიდეს სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს და არა მხოლოდ ემოციებით ვმართოთ ქვეყანა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა სხდომაზე, რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად წარადგინა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი – საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით, სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

„საქართველოს კონსტიტუციის 33 მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

წარმოდგენილ დადგენილების პროექტს მხარი პარლამენტის 91 წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში, მონაწილეობა არ მიიღეს „პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0