პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინა. თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა უწყების კომპეტენციაში არსებული მიმართულებებით დეტალურად მიმოიხილა. მინისტრმა კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კოდექსს მე-10 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
„ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური აქტი, რომელსაც საქართველოს ეს მოწვევის პარლამენტი თავისი მანდატის ამოწურვამდე დაამტკიცებს. პირველ რიგში ეს გახლავთ თეატრების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც გულისხმობს დღევანდელი კანონის რეფორმას, რომლის სახელწოდებაა „პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თეატრები კატეგორიებად იყოს დაყოფილი. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სპორტის სხვადასხვა სახეობების დაფინანსების საკითხს და ისაუბრა მუზეუმებისა და მათი ფონდების განახლებისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობასა და აღჭურვაზე 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ახალი სპორტის სასახლის პროექტირებასა და მშენებლობაზე დაიხარჯა 90 600 000 ლარი, აღჭურვისა და სხვა თანმდევმა ხარჯებმა შეადგინა 6 100 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს სახელმწიფოს დაუჯდა 96 მილიონ ლარზე მეტი. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი განცხადებით, თბილისში, დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება და 15 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ახლა ავარიული შენობა დგას. როგორც მინისტრმა განმარტა, სამბოს დარბაზი, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის შენობის გვერდითაა, ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე. მინისტრის განცხადებით, ანტიდოპინგურ კანონპროექტზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა და მისი ინიცირება უკვე შესაძლებელია.
„მე მექნებოდა თხოვნა საქართველოს პარლამენტთან, რომ 2017 წლიდან მთავრობაც და პარლამენტიც ვცდილობთ ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დავასრულოთ. ჩვენ ახლა ვართ პრინციპში ბოლო ეტაპზე, კანონპროექტი ყველას მიერ არის მოწონებული და შეიძლება მისი ინიცირება, დარჩენილია კვლევის კომპონენტი და გიდასტურებთ მზაობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თქვენ შეძლოთ, კომიტეტმა ამ რეფორმის ინიცირება 21 აპრილის სამუშაო შეხვედრის შესაბამისად, რომელიც შედგა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროსაბჭოსთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, ნაწილობრივ შეივსო ხელოვნების მუზეუმის ფონდები. ძეგლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გელათში მიმდინარე სამუშაოებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე თვეა გელათის კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავში კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს. მისივე თქმით, ელოდებიან UNESCO-ს მისიას, რათა კვლავ შეაფასოს, სწორად მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები.
„საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, არამედ, ღვთისმშობლის სახელობის ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. ეს პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. წლების განმავლობაში უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, 26 სექტემბერს სამინისტრო კინოცენტრთან ერთად პირველად გამოაცხადებს კონკურსს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე.
„ვფიქრობ, ქართული სერიალები არის ის ნიშა, რომელიც ქართულმა კინოინდუსტრიამ უნდა აითვისოს. ჩვენ წელს დავაფინანსებთ სცენარის განვითარებას. სერიალი რამდენიმე თემატიკას უნდა პასუხობდეს: საქართველოს უახლესი ისტორია, ქართველი კლასიკოსი მწერლები და ქართული სპორტი. ეს ვერ იქნება დოკუმენტური, საუბარია მხატვრულ, მაქსიმუმ 5 სერიალზე. თითოეული 45-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობით. თითო სერიის განვითარებაზე ვვარაუდობთ, რომ გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ერთად დავხარჯავთ 10 000 ლარს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მოხსენების შემდეგ მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.