პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს

18/02/2021

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. როგორც მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური გუნდი ერთიანია.

„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. მან მიზეზები განმარტა, ჩვენ როგორც პარლამენტს, ვალდებულება გვაქვს, საზოგადოებას ავუხსნათ, რა სამართლებრივი მოცემულობა დგება ქვეყანაში. გადადგომის მომენტიდან და გადადგომის მომენტად ითვლება მისი საჯარო განცხადება, ორი კვირის ვადაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს. 9 დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს და შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაც ამ პროცედურაში უნდა იქნას დასახელებული. ჩვენ უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ გუნდში, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში. ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი ერთიანია და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0