პარლამენტმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული მობილობის თაობაზე) სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 87 ხმით დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისი პროექტი პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი ურბანული ტრანსპორტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და თბილისის სატრანზიტო დერეფნების განვითარებას ითვალისწინებს. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის დაფინანსების მიზნით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ 47 მლნ. ევრო შეღავათიანი სესხის და 1,5 მლნ ევრო გრანტის სახით გამოიყოფა.
„აღნიშნული თანხა მოემსახურება ქალაქ თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვას, რომელიც ერთი სისტემის ქვეშ ყველა შუქნიშნის და მთლიანად ტრანსპორტის მოძრაობის მოქცევას და ასევე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლების მოწესრიგებას და შუქნიშნების უზრუნველყოფას გულისხმობს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელია მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. პროექტის დასრულების პერიოდი კი 2027 წლის 30 დეკემბერია.