პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. კანონპროექტი დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა.
„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც კოდექსის საფუძველზე წარმოეშვა სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ასეთ შემთხვევაში პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, შესაძლებელია, დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები. ცვლილება აწესრიგებს სპეციალურ აღრიცხვასთან, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან, უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან და გარდამავალი პერიოდისათვის წოდების მინიჭების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
30/11/2023