პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა. კანონპროექტით წესრიგდება „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. პროექტის მიხედვით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ.
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
03/11/2022