პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით მხარი დაუჭირა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს. კანონპროექტით წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 000 ჰექტარ ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი.
„აღსანიშნავია, რომ 13 000 ჰექტარი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ხოლო 2 000 ჰექტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ეროვნული პარკის შექმნა ხელს არ შეუშლის აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრადიციული საქმიანობების განხორციელებას.