პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

03/04/2024

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო. ცვლილება გენდერულ კვოტირებას და პარტიული სიების წარდგენას ეხება, კერძოდ: პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. ასევე, კანონპროექტით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა.

„კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის – ქალები და კაცები გათანაბრებულები იქნებიან უფლებრივად, რაც უფრო სამართლიანია, გასაგებია და უკეთეს შედეგს მოგვიტანს პოლიტიკაში“, – განაცხადა მომხსენებელმა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შესაბამისი ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. პროექტის თანახმად, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო. კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0