პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმიანობებს მოიცავს. მომხსენებელმა საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის მიმართულებით მომუშავე სამივე ინსტიტუციის – გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობაზე ისაუბრა. ნინო წილოსანმა საანგარიშო პერიოდში საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას გენდერულ ჭრილში ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წარადგინა და ამ მიმართულებით საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და მათი შესრულების დინამიკაზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერისთვის გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა მექანიზმების დანერგვის თაობაზე. მისი განცხადებით, საბჭომ 2021 წელს აქტიურად გააგრძელა გენდერული თანასწორობის განახლებული სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების პროცესი, რომელიც 2019 წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.
„კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა 6 სამუშაო შეხვედრა. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. კონცეფციის ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მომხსენებელმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე ისაუბრა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა.
„განხორციელებული ღონისძიებები ცხადყოფს, რომ 2021 წელი განსაკუთრებით დატვირთული იყო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებით. კანონმდებლობასა თუ პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებათა იმპლემენტაციისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
საბჭოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით დანერგა პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდექსი და ანგარიშის ფორმა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყოველი მოწვევის დასაწყისში და ბოლოს გაიზომოს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა.
„2022 წელს ჩვენ უკვე შევაფასეთ ამ მეთოდოლოგიით ბალანსი და მოხარული ვართ, რომ ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად საქართველოს პარლამენტი საკმაოდ დაბალანსებულია გენდერული თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, მოსმენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.
„ჩვენ გვქონდა პატივი ერთად გვემუშავა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის 12 რეკომენდაციათა შორის ერთ-ერთი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხების განმტკიცებას უკავშირდება. ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით ღირებულია. პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო დიდი ხანია იქცა რეალურ პლატფორმად, სადაც თავისუფლად შესაძლებელია კონსოლიდირებული იყოს ყველა ძალისხმევა მიმართული გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისკენ ჩვენს ქვეყანაში და ეს რეალურად პერსპექტიულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.