პარლამენტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. ამასთანავე, კოლეჯის დირექტორად, ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაინიშნოს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით კი საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქო სოციალური მუშაობის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. მინისტრის მოადგილემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან მეორე ცვლილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მთავრობა მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს დაამტკიცებს. ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, აღნიშნული წესით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობები განისაზღვრება.
პარლამენტმა განათლების სფეროში ცალკეული საკითხების მოგვარებისთვის შემუშავებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
19/10/2023