პარლამენტმა ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო

30/11/2022

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 27 კანონპროექტი შედის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, იცვლება კანონის არსებული სახელწოდება. და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის ნაცვლად იქნება კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დამოუკიდებლად. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებული იქნება შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0