პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მუხლობრივი განხილვისთვის წარმოდგენილ პროექტზე განაცხადა, რომ მასში გათვალისწინებულია საკომიტეტო სხდომაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა, გარკვეულ თემებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ამნისტიის კანონპროექტში „თანხმობის მექანიზმის“ ჩაწერა გააპროტესტა და აღნიშნული ჩანაწერი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად შეაფასა.
საკითხის განხილვისას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, საპარლამენტო უმრავლესობას დოკუმენტის დარღვევაში გვადანაშაულებენ. პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს – „თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს!“. ამნისტია არის პირის უფლება. ჩვენ გთავაზობთ ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს“.
კანონმდებლებმა, კენჭისყრის შედეგად, 77 მომხრით 23-ის წინააღმდეგ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირეს. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა, მთელი დღის განმავლობაში, დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე კანონპროექტში ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, საკითხის მომხსენებელმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნია, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნია, რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს ამნისტიის კანონპროექტს არ დაუჭერთ მხარს კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთგული ევროპული შეთანხმების და ასევე დაადასტურებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.