პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება – სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.
ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები მიიღო, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება
15/12/2023