პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 88 ხმით მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით 77 ხმით, ერთხმად მიიღეს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. საკანონმდებლო ინიციატივით ხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. მიგრაციის კანონის გაძლიერებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც იქნება სრულიად უფასო; სერტიფიცირების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს; მოხდება კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება; მარეგულირებელ მექანიზმად შრომის ინსპექცია შემოვა, ასევე შემოვა სანქციების მექანიზმი.
აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შედის „შრომის ინსპექციის“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონებსა და „საქართველოს შრომის კოდექსში“.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას ეხება. საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობებს სადაზღვევო ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და ფინანსურ სექტორში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გათვლების უფრო სიღრმისეული და მრავლისმომცველი გამოყენების აუცილებლობას. კანონპროექტი მზღვეველს (სადაზღვეო კომპანიას) ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი – ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის მათი ეფექტური მართვის მეთოდების და ფინანსური ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება და სადაზღვევო პრემიის ადეკვატურობის შეფასება შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. პროექტით, ერთი მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაინერგება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტებისათვის აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები. მეორე მხრივ, შეიქმნება „დაზღვევის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად გაწერილი შესაძლებლობა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 86 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას წარმოადგენს და იგი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის პარლამენტში უკვე ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
„პრაქტიკულად ეს არის მთლიანად გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივა იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელიც შემოთავაზებულია ძირითადი პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონიდან“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
ცვლილება შედის ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“. აღნიშნული პროექტებიც ასევე ითვალისწინებს ამ საკანონმდებლო აქტების პარლამენტში უკვე ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით, ერთხმად მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს ქმნის. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვები იქნება ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა და 82 ხმით, ერთხმად მიიღო. კანონის პროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს ემატება ახალი საფუძველი. კერძოდ, შესაძლებელი იქნება პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით. ცვლილება ასევე შედის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში წვდომას შემდეგ ინფორმაციაზე: მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ; მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ ამ ვადის ამოწურვიდან პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, ხდება მოქმედი კანონიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას – სამხედრო ვალდებულის და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს.