პარლამენტი და აუდიტის სამსახური არის ორი კონსტიტუციური ორგანო

08/06/2017

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომას დაესწრო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა.
„საპარლამენტო დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იყო გაწეული და მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომისიის თითოეულ წევრს. კომისიას ბატონი პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობდა და კომისიის მუშაობაში ჩართული იყო არაერთი დეპუტატი როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. მიხარია, რომ დასკვნა არის დადებითი, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ორგანოებს შორის.
პარლამენტი და აუდიტის სამსახური არის ორი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მჭიდრო ურთიერთობა, მჭიდრო თანამშრომლობა და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
დღეს, კომისიის ბოლო, შემაჯამებელ სხდომაზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ დასკვნის პროექტი განიხილეს.
დროებითი კომისიის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
კომისია, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 10 მარტის N454-II-ს დადგენილებით, 3 თვის ვადით შეიქმნა და მისი შემადგენლობა 14 წევრით განისაზღვრა.
დროებითმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელა და დასკვნის სახით სხდომას 70 გვერდიანი დოკუმენტის პროექტი წარუდგინა.
კომისიამ ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელიც დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, არ არის პრინციპული, თუმცა გასათვალისწინებელია.
კომისიის სხდომას ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, საპარლამენტო კომისიამ ნამდვილად კარგი დასკვნა დადო. მისი შეფასებით, „ეს იყო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი და მისასალმებელი ფაქტი, რომელიც პარლამენტის მხრიდან განხორციელდა. „ჩვენ ძალიან კარგი კოორდინაცია გვქონდა საპარლამენტო კომისიასთან და კარგი სამუშაო პროცესი შედგა წინა წლებისგან განსხვავებით,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.
„საპარლამენტო კომისიამ ეფექტური სამუშაო ჩაატარა. მიმაჩნია, რომ ეს ორი ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს და ამ ტიპის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტზე და ასევე უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო აუდიტის მაქსიმალური დამოუკიდებლობა. აუდიტი არის მთავარი ბერკეტი პარლამენტის ხელში, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ხარჯების, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური ხარჯვა და ტრანსპარანტულობა იმ ხარჯების, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. წელს, ასეთი კომისიის მუშაობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტი ამ თვალსაზრისით,“-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
დროებითი კომისიის დასკვნას დაეთანხმა კომისიის სრული შემადგენლობა და აუდიტის სამსახური.
საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნა გადაეცემა ბიუროს და განსახილველად მომდევნო სესიაზე გავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0