პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით

07/03/2022

საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით. აღნიშნულის შესახებ საუბარია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციით, პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან.
რეზოლუციის პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და სოზარ სუბარი არიან. სხდომაზე ბიუროს წევრები 15-18 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებს გაეცნენ. დეპუტატები, მინისტრის საათის ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.
დეპუტატებმა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს და გარკვეული კანონპროექტების განხილვის 30 დღით გაგრძელებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0