პარლამენტის წევრებმა, მიხეილ სარჯველაძემ და ვლადიმერ კახაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. შეხვედრაზე განიხილეს ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი, აგრეთვე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა. ღონისძიებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესის შემუშავების ვადა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, 2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობას მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავების ვალდებულება გადავადდა 1 წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე.
ამასთანავე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წარდგინებით მიმართვის ვალდებულება დაეკისრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, აღნიშნულ პროცესის ზედამხვედველობის ფარგლებში, ვალდებულების სათანადო აღსრულების მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ნორმატიული აქტის შემუშავება აგრეთვე ხელს შეუწყობს ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულებას, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გაძლიერებას.
პარლამენტის წევრებმა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის წესის განხილვის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
05/08/2022