პარლამენტის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამების შემფასებლებს შეხვდნენ

23/01/2024

პარლამენტის წევრებმა სალომე ქურასბედიანმა, მარიამ ლაშხმა, ხატია დეკანოიძემ, თინათინ ბოკუჩავამ და ანა ნაცვლიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის შემფასებლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამები მიმოიხილეს.

„შეხვედრაზე ის პროექტები და ინიციატივები განვიხილეთ, რომლებიც პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. მათ შორის, გარემოს დაცვის კომიტეტის შემთხვევაში, ესენია მხარდაჭერა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ასევე თემატური მოკვლევა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე. სტუმრებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე პროგრამა და ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მხარდამჭერი პროგრამების გაუმჯობესება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

​„ამ ხელისუფლების პირობებში ყველა საკითხის უკიდურესი პოლიტიზება ხდება, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება მათ შორის ამ პროგრამების ეფექტურობაზე“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0