პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

15/02/2023

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის 2023 წელი საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ინკლუზიურობის გაზრდა, სახელმწიფო საწარმოებიდან მომდინარე ფისკალური რისკები და ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება, ინფლაციის შემცირება, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც 2023 წელს ჩვენ მოგვიწევს კონცენტრირება“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ტრადიციულად კომიტეტის მთავარი ამოცანა სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესის ხელმძღვანელობაა და საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს, რაშიც კომიტეტს TWINNING-ის პროექტი დაეხმარება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროპული მრავალწლიანი საუკეთესო გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება, კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და სხვა საფინანსო სტრუქტურების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0