განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის კომიტეტები, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროებების შესწავლის მიზნით, ერთობლივ თემატურ მოკვლევას იწყებენ.
მოკვლევის მიზანია დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ასპექტების შესწავლა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.
„თემატური მოკვლევის მიზანია შევისწავლოთ რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგანან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლები და ერთობლივი ძალისხმევით ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაძლიერებას“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განმარტებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ახალგაზრდა თანამემამულეებში ეროვნულ იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება.
„დარწმუნებული ვარ, მოკვლევა დეტალურად გამოკვეთს საკვირაო სკოლების საჭიროებებს და ქართული სახელმწიფოს დახმარებაც იქნება ადეკვატური და დროული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, 25 ქვეყანაში 125 საკვირაო სკოლა და 30 ქვეყანაში ცეკვის და სიმღერის 120-მდე ანსამბლი ფუნქციონერებს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, მოკვლევა მოიცავს სახელოვნებო განათლების მიმართულებასაც, რომლის რეფორმაზეც კულტურის კომიტეტი აქტიურად მუშაობს.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელოვნებო განათლების ნაწილში მოკვლევის საგანი იქნება ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი უნარების დაუფლება, ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, სიმღერის გალობის, ცეკვის ან სხვა შესაბამისი უნარების განვითარება“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მოკვლევის მთავარი მომხსენებელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე. მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა.