არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარება გამოთქვა.
„მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბაღდათში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელსაც ექვსი ადამიანის მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეგლამენტის თანახმად, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ განცხადებებს ეთმობა თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო უმრავლესობამ უარი თქვა პოლიტიკურ განცხადებებზე.
„მართლაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მითუმეტეს მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომის გადადების საკითხზეც იმსჯელა.
სხდომაზე, მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს და ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრეს პარლამენტის წევრებმა, ეკა ბესელიამ, თამარ ჩუგოშვილმა, მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გიორგი ჟორჟოლიანმა. მათაც, საკუთარი პოლიტიკური განცხადებები დღის წესრიგიდან მოხსნეს, რის შემდგომაც პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა განაგრძო. კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემას, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასევე, კანონის პროექტით წესრიგდება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფო ქონების ლიცენზიის მფლობელისათვის გადაცემის საკითხები. ასევე, ნინო ენუქიძემ მეორე მოსმენით განხილვისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის თაობაზე ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებს საკუთარ ან სხვა ვებ-გვერდზე. ამასთან, საწვავი და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) და სხვა მასალების, თუ ჯამურად მოსაპოვებელი მოცულობა არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) კუბურ მეტრს/ტონას, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე, ხოლო სხვა ვებ-გვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ-გვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებ-გვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებულ იქნება აუქციონის ჩასატარებლად. ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკითხი მეორე მოსმენით განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა. პროექტის შესაბამისად, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ხოლო, სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში. კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა. კანონის პროექტი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება თავი, რომელშიც განსაზღვრულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, მითითებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და ამავდროულად გათვალისწინებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დეტალური ჩამონათვალი. თანმდევი „პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის მიზანს ემატება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. კანონმდებლებმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი III მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ირინე აბულაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა მიეცემა.
მთავრობის წარმომადგენელმა კიდევ ერთი საკითხი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამარტივებული წესით განსახილველად წარადგინა. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს ადგენს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უნდა უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.
დღეს გამართულ სხდომაზე კანონმდებლებს წარედგინათ:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა.
„სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა.
„პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ 13.00 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა კი 14.00 საათზე დაიწყება.