დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო კოლეგებს.
„კანონის პროექტით პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის განხორციელებისას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRAs) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია:
ა. იმპორტიორის დაშვებული შეცდომით;
ბ. სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ, ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების დაშვებული შეცდომით;
გ. პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მწარმოებლის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტის პროექტით, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე შესაბამისი სუბიექტების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ასევე ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. გარდა ამისა, ამავე პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს. ამასთან, დაზუსტდა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრების მიერ პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები. დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად. პარლამენტის წევრის, მიხეილ დაუშვილის განმარტებით, მეორე მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები არ განხორციელებულა. კენჭსაყრელი საკითხების ამოწურვის შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა.