საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც ძირითადად დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელეს. კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში. პარლამენტმა საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „პენიტენციური კოდექსი“.
„ეს პროექტი – ახალი „პენიტენციური კოდექსი“ კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც წარმოაჩენს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროგრესულობას და შეიძლება ითქვას, რომ იგი მხარს უჭერს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე არაერთ ინოვაციურ პროექტს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატებმა ასევე მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც წლის გარკვეულ პერიოდში, განსაზღვრულ ადგილებში ავტომანქანების ზამთრის საბურავებით მართვის ვალდებულება შემოაქვს. დღესვე საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „თავისუფლება“, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გამოიყენა თავისუფალი ტრიბუნა, რომლის ფარგლებში პარლამენტს და საზოგადოებას ჯგუფის წევრმა როსტომ ჩხეიძემ მიმართა.