პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საჯარო განცხადება გადადგომის თაობაზე, რაც შესაბამისი საოქმო ჩანაწერით გაფორმდა.
„მიმდინარე წლის 24 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოვიდა განცხადებით და გვამცნო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მიგვეღო ცნობად მისი სურვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე. რაც არის ჩვენთვის ცნობად მისაღები. ამასთან დაკავშირებით, კეთდება საოქმო ჩანაწერი და გთხოვთ ხელის აწევით დაადასტუროთ, რომ ეს განცხადება მიღებულია ცნობად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღნიშნულით, მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა. სხდომა პარლამენტის წევრების პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შემოსვლის ფაქტს გამოეხმაურა და პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ლეიბორისტულმა პარტიამ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას ქართული ოცნების და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით, კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის, მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა ქართული ოცნება თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. „ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში, თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დღის წესრიგით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით გამოხატეს სამძიმარი და პატივისცემა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო.