პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
💢 აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხის მოსმენის შესახებ ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების წევრმა“ ალექსანდრე ელისაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასა და ხელისუფლება შორის რაიმე ტიპის შეთანხმებით დასრულდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის გამოსვლაში ჯარის ქალაქის მშენებლობის პროცესზე გააკეთა განცხადება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა და განაცხადა რომ მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 3%-იანი ან კიდევ უფრო დაბალი ბარიერით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს, რომელიც 28 მარტს შესრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და. ყველას მოუწოდებდა ვაქცინაციისკენ. პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნას საბჭო მინისტრების მოადგილეების წარმომადგენლობით, სადაც მაჟორიტარებს საშუალება ექნებათ კონკრეტულად კვირაში ერთხელ ან ორჯერ დააყენონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები, რათა დროულად მოხერხდეს მათი მოგვარება. განცხადებების ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარმოადგინა საკითხი თეა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. რაც განპირობებულია თეა წულუკიანის საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით.
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
30/03/2021