პარლამენტის თავმჯდომარე შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, სადაც ის პირადად გაეცნო არსებულ ვითარებას. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, დიდი ტრაგედია დატრიალდა და მოხდა კატასტროფა, რომლის შედეგადაც მეწყერმა შოვის კურორტი სამწუხაროდ მთლიანად დაფარა.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან მადლობა გადაუხადა მაშველებს, რომელთაც შეძლეს სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოეყვანათ 210 ადამიანი.
„მაშველები აქტიურად მუშაობენ. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ ვეძებთ. როგორც იცით გრძელდება სამძებრო ღონისძიებები და პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომ ინახოს თუ არის ვინმე ჩარჩენილი. ხორციელდება გარდაცვლილების იდენტიფიკაცია, შესაბამის უწყებებს ექნებათ კომუნიკაცია ოჯახებთან, მათ შორის, დაკარგულების ოჯახებთან. ვითარება არის ძალიან მძიმე, სპეციალისტებმა თქვეს კიდეც, რომ დასავლეთ საქართველოში ამ მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას. დაუჯერებელია ის სურათები, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, მათ შორის, ვიდეო კადრებიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე შეაფასა სამაშველო სამსახურების მუშაობა და აღნიშნა, რომ გასულ ღამეს არ არსებობდა სამაშველო ღონისძიება, რომლის ჩატარებაც ვერ შეძლეს მაშველებმა. სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში მოძებნეს, შეკრიბეს რამდენიმე უსაფრთხო ადგილას და მათთვის ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რომ როცა დაღამდა და ფრენა აღარ სრულდებოდა, ისინი უსაფრთხოდ დალოდებოდნენ მეორე დღეს. მაშველებმა ყველა უვნებლად გადმოიყვანეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ქართული ჯარი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ ტერიტორიების მეტად გაწმენდა, რომელიც დაფარულია მიწის მასით. იცით, რომ სამუშაოებში უკვე ჩართულია 400 მაშველი. მაქსიმალურად არის მობილიზებული სამაშველო სამსახურები. ამ პროცესში დამატებით ჩაერთვება ჯარი, რომ ხელით შესასრულებელი სამუშაოები აქტიურად შესრულდეს და ტექნიკაც სრულად არის მობილიზებული. შემდეგ უკვე ეტაპობრივად მოხერხდება როგორც ხიდის გაკეთება, ისე გზის მოწყობა, რომ სამაშველო სამსახურებმა იმოძრაონ თავისუფლად. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალებს ვაცადოთ საქმის კეთება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.