პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებზე. დიასპორის წინაშე არსებული ამოცანების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნენ. საუბარი შეეხო, ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
„ჩვენი ხელისუფლების მიდგომაა – ძლიერი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ჩართულობას. როგორც მადრიდში, ასევე, ბარსელონაში ჩვენ გვყავს ძლიერი მრევლი და საკვირაო სკოლები და დღეს მათმა აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა საინტერესო წარმოდგენები გამართეს. მე მიხარია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დიასპორასთან შეკრების სურვილი გამოხატა. აღსანიშნავია, რომ დაუწერელ კანონად ვაქციეთ, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტისას აუცილებლად შევხვდეთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.