პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო პრეზიდენტის წარმომადგენლისთვის საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. ამას ვერ გავიყვანთ პიროვნული დაპირისპირების რეგისტრში, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის გუშინ, „საარჩევნო კოდექსსა“ და „თვითმმართველობის კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის, პრეზიდენტის ნაბიჯების მიმართ არაერთხელ მოგვისმენია და გვინახავს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტართა მხრიდან არაეთიკური გამოთქმები, თავდასხმები, ხშირ შემთხვევაში დაბრალებები რაღაც ქმედებებისა და თუ განზრახვებისა, მაგრამ ამაზე არასოდეს პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მიგვიცია რაიმე მწვავე რეაქცია, მით უმეტეს, არაერთიკური გამოთქმა და შეფასება არასდროს ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. მაგრამ, გუშინ რაც ვნახეთ, ეს არ იყო ჩვეულებრივი, თუნდაც პერსონალურობით დატვირთული დაპირისპირება. ეს იყო პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა. ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, ამას ვერ გავიყვანთ უბრალოდ პიროვნული დაპირისპირების რეგისტრში. ეს იყო ბევრად მეტი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმეგზის ცდილობდა, რომ გაეწყვეტინებინა გამოსვლა საპარლამენტო მდივნისათვის და მიეთითებინა მისთვის, რისი თქმის უფლება ჰქონდა და რისი არა, საერთოდ აეკრძალა რაღაც მიმართულებებით მოსაზრებების გამოთქმა, მიკროფონის გამორთვით დაემუქრა და ა.შ. ეს გასცდა ყველაფერს და სერიოზული ინსტიტუციური პრობლემაა“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართლებით ყველა გადახედავს თავის პოზიციას და „ასე გაგრძელების უფლებას თავის თავს აღარ მისცემენ“.
პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო პრეზიდენტის წარმომადგენლისთვის საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა
27/07/2017