პარლამენტის ეთიკის საბჭო 22 წევრით განისაზღვრა

27/10/2023

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 წევრით განისაზღვრა. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილეს. მისი თქმით, ცვლილების მიზეზი პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“ შექმნა გახდა.

„პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა და ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნიდან გამომდინარე ერთი წევრი დაემატა ოპოზიციას, ერთი კი – უმრავლესობას. შესაბამისად, კვოტები განისაზღვრა 22 წევრით: 11 უმრავლესობა, 11 – ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0