პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი უბნების შერჩევის მეთოდოლოგია და რაოდენობა განსაზღვრა

24/05/2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი უბნების შერჩევის მეთოდოლოგიისა და რაოდენობის განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლინდა უბნების რაოდენობა, სადაც დისბალანსი ფიქსირდება, მისივე თქმით, შესაბამისად, გადასათვლელი უბნების შერჩევის სპეციფიკა განისაზღვრა იმ უბნების მონაცემების საფუძველზე, სადაც ფიქსირდებოდა საჩივრების დამთხვევა ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის მქონე არასამთავრობოების მიერ. ასეთი კი გივი მიქანაძის ინფორმაციით, ჯამურად, 943 უბნიდან 41 უბანია. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს 20 უბნის გადათვლა.

„ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დისბალანსი ფიქსირდება 943 უბანში, საიდანაც 19-ში ფიქსირდება მეტობა, ხოლო 924 უბანში ნაკლებობა, შესაბამისად, სპეციფიკა შეირჩა იმ კუთხით, რომ სადაც მეტი დისბალანსი ფიქსირდებოდა და იმ უბნებიდან სადაც ნაკლებობა ფიქსირდებოდა, შეირჩა ის უბნები, სადაც 10 და მეტია დისბალანსი და ასეთი 924-დან აღმოჩნდა 67. ვნახეთ სად იყო დამთხვევა 4 ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის მქონე არასამთავრობოების მიერ გასაჩივრებულ უბნებთან. აღმოჩნდა, რომ 67-დან 29 უბანი ემთხვევა შერჩევის აღნიშნულ მოთხოვნას და 12 უბანზე არის არასამთავრობოების საჩივრები და არის ბიულეტენების მეტობა. ჯამში გამოვიდა, რომ ყველაზე პრობლემურად, რაც ჩანს დისბალანსებიდან და არასამთავრობო სექტორის საჩივრებიდან გამომდინარე არის 41 უბანი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნახევარი, ანუ 20 უბანი გადავთვალოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, გადათვლის პროცესი წარიმართება შემთხვევით შერჩევის პრინციპით, პროცესი იქნება საჯარო და მასზე დაკვირვების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ პირს და მედიის წარმომადგენლებს. გივი მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ გადათვლის პროცესის ჩასატარებლად ცესკოდან გამოითხოვა პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრების მონაცემები, თბილისის იმ საარჩევნო უბნებიდან, რომელზეც არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

„მივიღეთ 299 კომისიის წევრის გვარი, 50 უბნიდან და ამ სიის საფუძველზე შევარჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც კომისიის წევრების მეთვალყურეობით, მედიის და ლაივსტრიმის გაშუქების საფუძველზე განახორციელებენ შერჩეული უბნების გადათვლას. 12 მთვლელი გაიყოფა ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფთან მეთვალყურეობას განახორციელებს კომისიის, ოპოზიციის და უმრავლესობის თითო წარმომადგენელი და იმედი გვაქვს, რომ ორ-სამ დღეში ეს პროცესი განხორციელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0