პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 3-4 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს და საკითხების განხილვის თანმიმდევრობა განსაზღვრეს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორი დღის განმავლობაში გეგმავს 75-მდე საკითხის განხილვას, რომელთა შორის არის როგორც პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტები და პარლამენტის დადგენილებათა პროექტები.
ამ კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგშია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დაწყება, რომელსაც თან ახლავს 29 თანმდევი კანონპროექტი. დაგეგმილია ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევის საკითხის განხილვა და სხვა.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებითაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე გადასასინჯი საქართველოს საკანონმდებლო აქტების ნუსხა. მისი ინფორმაციით, სია შეთანხმებულია კომისიის ფორმატში და მას თან ახლავს იმ კომიტეტების დანართი, ვინც ცალკეულ კანონპროექტებზეა პასუხისმგებელი.
შესაბამის კომიტეტებს განსახილველად გადაეცა პარლამენტში შემოსული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიში.
მომავალი წლის საბიუჯეტო პროცესის მომზადებისთვის პარლამენტში შემოსულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადები, რომლებიც განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.
ბიუროზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში შემოსულია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში.
ბიუროს წარედგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დებულებაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიქიური უბედურების თუ ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო შექმნილ ვითარებაში საჭიროა განისაზღვროს ბიუროს ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის წესი, რაც დღეისათვის არაა ასახული შესაბამის დებულებაში.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მუშაობა გააგრძელა პარლამენტის პლენარულმა სხდომამ.
პარლამენტის ბიურომ 3-4 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
03/05/2018