პარლამენტის ბიურომ 16-19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

12/04/2024

ბიუროს მიერ მომდევნო სასესიო კვირის დღის წესრიგში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარლამენტი ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. დღის წესრიგის თანახმად, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხია პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“. დაგეგმილია, ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. კანონპროექტით ნორმა, რომელიც ელექტრონულ სწავლებას ეხება ახლებურად ჩამოყალიბდება. ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. ცვლილების თანახმად, კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტის განმარტება ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ იგი გაითვალისწინებს „სასწავლო უნივერსიტეტის“ ცნებასაც. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შემთხვევაში. კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე. ბიურომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ვოლსკის წარდგინებაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი კალანდარიშვილის და კომისიის წევრების თანამდებობებზე – მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0