პარლამენტის ბიურომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა

04/04/2024

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეხება საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ამ პაკეტშივე არსებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროექტი გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტის მოსამზადებლად.

„მივმართავ თითოეულ ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ყველამ დაასახელოს თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ასევე მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩაერთოს დისკუსიაში, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ამ კომისიის ამოცანაა საზოგადოებასთან, მათ შორის, რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა, მათი აზრის მოსმენა – უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციური კანონით მოწესრიგებული ესა თუ ის საკითხი და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს ერთი კვირა იმისთვის, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს. კომიტეტი იმავდროულად მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას. კომისია ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს და განხილვის შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რის შემდეგაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0