პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა

06/02/2017

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. სააგენტოს ამოცანად განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. განისაზღვრება ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების წესი და საფუძველი. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. კანონპროექტით წესრიგდება სააგენტოს მატერიალულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო პაკეტი 18 კანონპროექტისგან შედგება და მათი ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის 14 წევრია.
ბიურომ საქართველოს პრეზიდენტის მომართვაზე, პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტების შენიშვნებით დაბრუნების შესახებ, წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს დაავალა კომიტეტმა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“, რომლის ინიციატორებიც არიან პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკანორ მელია და თინათინ ბოკუჩავა, განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც დეპუტატები პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0