პარლამენტის აპარატი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ორგანიზებისთვის ტენდერებს გამოაცხადებს

23/03/2016

პარლამენტის აპარატი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებით რამდენიმე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ამასთან, გადაწყდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიები, რომელიც 1-5 ივლისს თბილისში ტარდება, საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც prof-news პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, ადგილი ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა.

“საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა გაიმართება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება – ამ დონის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად უკვე შეირჩა ადგილმდებარეობა, სადაც საპარლამენტო ასამბლეის სესიები გაიმართება – სესიები “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე ჩატარდება. ამ დღეებში რამდენიმე ტენდერი გამოცხადდება – სარეკლამო შეფუთვაზე, სატრანპორტო მომსახურებაზე, სამუშაო-საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე. ზოგადად, როგორც წესი, სარეკლამო პიარზე, კლიპებზე ტენდერები არ ტარდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ტენდერის გზით წავსულიყავით და ეს ალბათ პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ასეთი მომსახურების შესყიდვა ტენდერის გზით ხდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტენდერების მიმართ კომპენიების მხრიდან ინტერესი იქნება და აქტიურად ჩაერთვებიან”, – განაცხადა მარაქველიძემ.

მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომის ორგანიზებისათვის დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სესიის ფარგლებში თბილისში, დაახლოებით 700 უცხოელი სტუმრის ჩამოსვლას ელოდებიან. ზოგადად კი, ღონისძიებაში 1000 კაცი მიიღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0