პარიზის მშვიდობის ფორუმი საქართველოს პრობლემატიკაზე მსჯელობის კარგი შესაძლებლობა იყო

12/11/2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს პრობლემატიკის განხილვის შესაძლებლობისათვის.
მშვიდობის ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

“ამ დღეების განმავლობაში საქართველოს დელეგაცია მუშაობდა პარიზის მშვიდობის ფორუმის ფორმატში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმს მსოფლიოს 100-მდე ლიდერი ესწრებოდა და ფორუმის ორგანიზატორებმა მოგვცეს შესაძლეობლობა ერთმანეთთან არაფორმალური ურთიერთოებისათვის და იმ საკითხების განხილვისათვის, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მომეცა შესაძლებლობა საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა. პირველი მსოფლიო ომი, ისევე როგორ მეორე მსოფლიო ომი არის ტრაგედია, იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობისა და საერთო პრინციპების ღირებულებები იქნა დავიწყებული და ამან მიიყვანა კაცობრიობა კატასტროფამდე. ამ კონტექსტში, ძალიან აქტუალურად და ზუსტად ჟღერდა ის სირთულეები, რაც საქართველოს აქვს საკუთარი მეზობლის მიმართ, რადგან საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არის სწორედ ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფა. მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს, რათა ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა მოგვეცა” -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0