პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა

21/10/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა- მიხეილ ჩხენკელმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლები, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა, როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სოფელ ლაილაშის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა, რომელშიც ამჟამად 39 მოსწავლე სწავლობს. მინისტრის თქმით, ლეჩხუმის მხარე ისტორიულად ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში და ამ მხრივ გამორჩეულია სოფელი ლაილაში, სადაც პირველი საგანმანათლებლო კერა 150 წლის წინ, ჯერ კიდევ 1871 წელს დაარსდა და ეს იყო პირველი სასწავლებელი ამ რეგიონში. დღეისათვის კი მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასკოლო გარემოში მიიღონ განათლება, რაც ორმაგად მნიშვნელოვანი და საამაყოა. საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ლაილაშში, 1 886 178 მილიონი ლარის ღირებულების, 90 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ააშენა. შენობა სრულად არის ადაპტირებული, განთავსებულია 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი, 1 ლაბორატორია და სპორტული სივრცე. კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი. სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში ვიზიტის დროს, მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო საზოგადოებას სიახლე გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო კომპლექსი აშენდება. გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სოფელ ორბელში, სადაც პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ჯერ კიდევ 130 წლის წინ დაარსდა, მნიშვნელოვანია არსებობდეს თანამედროვე საჯარო სკოლა, რომელშიც არაერთი თაობა გაიზრდება და მიიღებს შესაბამის ცოდნას. ამჟამად სკოლაში 56 მოსწავლე სწავლობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0