„პანდემიის მიუხედავად სადაზღვევო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია, 2019 წელთან შედარებით, 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 667,3 მილიონ ლარს შეადგენა.
„ძირითადად ზრდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის მიმართულებით არის. დღეს სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია ჯამურად 279,1 მილიონ ლარიანი კაპიტალით“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
პარლამენტში, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო 2021 წლის 6 თვის შედეგებსაც, ასევე თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს ეს სექტორი. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.