მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად, ქ. დუშეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, იმუნიზაციის პროცესსა და მის მნიშვნელობას ეხებოდა.
მხარის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.
“იმუნიზაციის პროცესის მეტად გასააქტიურებლად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას სისტემატურად ვხვდებით. დღესაც ქალაქ დუშეთში საკმაოდ საინტერესო საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ვაქცინაციის აუცილებლობასა და მის დადებით მხარეებზე. მახარებს ის ფაქტი, რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობა უკვე ვაქცინირებული იყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო ,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი. მათ ვაქცინებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ იმუნიზაციის პროცესში თითოეული ადამიანის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლებთან, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი ადგილობრივ მოსახლეობასთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებთან და ასევე, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში.