რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო ლაცაბიძის, ანზორ ბოლქვაძისა და ვიქტორ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას. სოზარ სუბარმა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება კანონპროექტის არსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები, რამაც გარკვეულ ბიზნესს, ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესს, შეუქმნა პრობლემები. მისი თქმით, ჯერ კიდევ შარშან, გაზაფხულზე, თბილისის მერიას მიენიჭა გარკვეული უფლებამოსილებები, რომლებიც შემდეგ შემოდგომაზე კიდევ ერთხელ გაგრძელდა და ამ უფლებამოსილებებით მერიას აქვს უფლება, შეღავათი გაუწიოს იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც მერიისგან ქირაობენ ან მისგან აუქციონით აქვს ნაყიდი გარკვეული ფართები. მაშინ რეგიონები ამ რეგულირების მიღმა დარჩა და პარლამენტში გამოითქვა მოსაზრება, რომ იქნებ მათთვისაც მიეცათ იგივე უფლება, ვინაიდან რაიონებშიც არაერთი ასეთი სუბიექტია. სოზარ სუბარის განცხადებით, კომიტეტში ეს მოსაზრება გაითვალისწინეს და შესაბამისად წარმოდგენილ იქნა ინიციატივა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, წარმოდგენილ ინიციატივას სავალდებულო კომიტეტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, კერძოდ, საკუთარ დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიენიჭება მუნიციპალიტეტის მერს. წარმოდგენილი ცვლილებებით ეს უფლებამოსილებები არის ძალიან ფართო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის ინიციატორთა მიერ შემოთავაზებული უფლებამოსილების განმსაზღვრელი ეს ფორმულირება უნდა იძლეოდეს უფრო კონკრეტულ და მკაფიო ჩარჩოებს, რითაც თავიდან იქნება აცილებული ამ სწორი ინიციატივის პრაქტიკული განხორციელების პროცესში შესაძლო არასათანადო გამოყენების შემთხვევები. ინიციატივაზე საუბრისას, საკითხზე მომხსენებელმა პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის იდეას, მაგრამ გარკვეული საკითხების მეტ კონკრეტიზაციას ითხოვენ და კანონპროექტის ინიციატორები კომიტეტთან ერთად მეორე მოსმენამდე იმსჯელებენ აღნიშნული საკითხის ფორმულირებაზე. მისივე თქმით, კომიტეტში დამატებით იმსჯელეს ასევე კანონის მოქმედების ვადაზე და შეთანხმდნენ, რომ უფრო უპრიანი იქნება, თუკი ეს ვადა 1 სექტემბრის ნაცვლად, 1 ოქტომბრით განისაზღვრება. ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილებები ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე, აზუსტებს აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებისა) მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესს.
პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები, რამაც გარკვეულ ბიზნესს, ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესს, შეუქმნა პრობლემები
12/03/2021