სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან – საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე, დღეს, კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ამით შეასრულა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ კანონში 2021 წლის 9 ივნისს მიღებული ცვლილებით დაკისრებული ვალდებულება და შეღავათი გაუკეთა სახელმწიფო ქონების მოიჯარეებსა და დამქირავებლებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება პანდემიით შექმნილი რთული ფინანსური ვითარების გამო ვერ შეასრულეს. ამ გადაწყვეტილებით ჩამოსაწერი ქირისა და იჯარის ვალდებულებამ, ჯამურად, 5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო პირგასამტეხლომ დაახლოებით 1 მლნ ლარი შეადგინა.
„პანდემია ნეგატიურად აისახა ფიზიკური და იურიდიული პირების გადახდისუნარიანობაზე. შექმნილმა ვითარებამ, ბევრ შემთხვევაში, შეაფერხა სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მოიჯარეების, დამქირავებლების შესაძლებლობები, დროულად გადაეხადათ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა, ქირა და შესაბამისად, ჯარიმები დაეკისრათ. ჩვენ მიერ დაწესებული ერთწლიანი პერიოდი მოიცავს იმ დროის მონაკვეთს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები მოქმედებდა. 2021 წლის მარტის ბოლოდან ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეკონომიკამ დაიწყო შემოსავლების გენერირება და პრობლემები ნელ-ნელა აღმოიფხვრა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სრულიად სამართლიანია, შეღავათი გავრცელდეს დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე რთული იყო სახელმწიფო ქონების მოიჯარეებისა და დამქირავებლებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.