პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით

02/06/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წელია ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ევროპის დედაქალაქებშია.

“გუშინ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარვუდგინეთ, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში ამ სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა დედაქალაქის მოსახლეობასთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობდით განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე. მთავრობის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება აუცილებელია, რომ საზოგადოებას ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეს. რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ. აღსანიშნავია, გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობა, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის განახლება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული და მოხერხებული გახდეს. წლის ბოლოსთვის არცერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. ეს ეხება როგორც ავტობუსს, ისე მიკროავტობუსებს. გარდა ამისა, შესასრულებელია რეფორმის ყველა ის დეტალი, რომელზეც ჩვენ პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ. 30 წელია ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს, იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ევროპის დედაქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 15 ივნისიდან ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, მგზავრობის ღირებულება კი, 50 თეთრით განისაზღვრება.

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ, 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ იმ მნიშვნელოვან შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გააკეთა. მისი თქმით, ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან.

„პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით. აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ, ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალძემ ბავშვთა გასართობ ცენტრებზეც ისაუბრა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიის გამო. მისი თქმით, თბილისის მერიისგან დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია.

„ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5 000-5 000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს.

„შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის ყველა პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა. მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია და მისი მიზანია, თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდა, მათი შესაძლებლობების განვითარება და ბარიერების აღმოფხვრა. ამისათვის ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომელთა სისტემატურ გადამზადებას, გავაგრძელებთ ჩვენი ინფრასტრუქტურის და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას და შევქმნით ახალ სერვისებს. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქე თანაბრად აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მიაღწიოს პროგრესს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0