ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც კოვიდ-19 – ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მან ასევე მადლობა გადაუხადა EBRD-ს განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში. მნიშვნელოვანია ამ საფინანსო ორგანიზაციის წვლილი საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების – ჰიდრო, მზის, ქარის ენერგეტიკის განვითარებაში”,- აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა EBRD – თან თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებაზე. ესაა განახლებადი ენერგიის ინოვაციურ სახეობები, როგორიცაა, მაგალითად, “მწვანე” წყალბადი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ატარებს კვლევას აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.
როგორც ნათია თურნავამ ვებინარის მსვლელობისას აღნიშნა, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.
„ეკონომიკური ვარდნა, რაც მსოფლიოში შეინიშნება, იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ენერგეტიკისთვის – მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირებას როგორც ბიზნესში, ასევე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივ აირის მომხმარებლები არიან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კერძო ინვესტიციით ხორციელდება. მისი თქმით, საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. ნათია თურნავას განცხადებით, 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში განხორციელდება.