ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვა

11/05/2024

„ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამ ცხოვრების წესის სხვაზე თავს მოხვევას და პროპაგანდირებას, ნუ შეიტანს ამას საგანმანათლებლო სისტემაში, ნუ აიძულებს ჩვენს შვილებს და არასრულწლოვანებს, რომ ეს რაღაც ტრენდი, მოგონილი და მოფიქრებული სადღაც, გახდეს თითქოს მოდური, ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე თელავში.

დავით მათიკაშვილის თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხორციელება ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც „მამულის, ენის და სარწმუნოების“ დაცვა, რადგან ამ ღირებულებებზე დგას ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში და ამ ღირებულებებით აპირებს მომავალში სვლას.

„სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პრობლემატიკა და გამოწვევა იდგა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. წლების წინ ეს თემა შეიძლება ღიმილის მომგვრელი ყოფილიყო და ყველას გვეთქვა, რომ ეს ასე არ არის და რად გვინდა ამის კონსტიტუციაში შეტანა. აღმოჩნდა, რომ საჭიროა ქვეყნის ძირითად კანონში ისეთი სიმტკიცეების შექმნა, რომელიც შემდგომში უკვე ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს დაიცავს ისეთი პროპაგანდისგან, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს და მოუტანოს ჩვენს შთამომავლობას. ბევრი მოცემულობით ჩანს, ამ პროპაგანდის მოზღვავება და მისგან თავის დაცვის აუცილებლობა. მაგალითები იმასაც მეტყველებენ, რომ თემატიკა არ არის მხოლოდ ქართული, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც დღეს ჩვენ, ვეძებთ გზებს თუ როგორ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ამ მოზღვავებული პროპაგანდისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას.

„ჩვენ ვართ ტოლერანტი, შემწყნარებელი ერი. ვიცით როგორ და რა სახით ხდება ურთიერთცხოვრება, თანაცხოვრება საზოგადოებაში იმ ხალხთან, ვისაც შესაძლებელია აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაცია აქვს, მაგრამ როგორც უმცირესობაა დაცული საქართველოში, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით, ასევე უმრავლესობაც, ყველა ჩვენგანი ვიმსახურებთ იმას, რომ იმ პროპაგანდის მოზღვავებისგან დაცული ვიყოთ, რომელიც სამწუხარო შედეგებს უქმნის ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს და არასრულწლოვანებს. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამ ცხოვრების წესის სხვაზე თავს მოხვევას და პროპაგანდირებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0